18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე 2019

  • 2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: 
    „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“.
     
    მუზეუმების როლი საზოგადოებაში ცვალებადია. სულ უფრო და უფრო მეტი მუზეუმი ცდილობს მოახდინოს ტრანსფორმაცია და გახდეს ინტერაქტიული, აუდიტორიასა და საზოგადოებაზე  ორიენტირებული, მოქნილი და ადაპტირებული. მუზეუმები გარდაიქმნებიან კულტურის ჰაბებად (განმ. ჰაბი=ცენტრი) და პლატფორმებად, სადაც შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებსა და მეცნიერებს ერთობლივი პროექტების განხორციელება შეუძლიათ, სადაც ვიზიტორები შეიძლება გახდნენ რაღაც ახლის შექმნის პროცესის თანამონაწილე, გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ჩაერთონ ინტერაქტიულ პროცესში.
    საკუთარი ტრადიციული ფუნქციების (შეგროვება, დაცვა, შესწავლა, ინტერპრეტაცია, გამოფენა, პოპულარიზაცია) შენარჩუნებასთან ერთად, მუზეუმები ახდენენ თავიანთი მუშაობის პრაქტიკის ტრანსფორმაციასაც, რათა უფრო მეტად დაუახლოვდნენ იმ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურებიან. თანამედროვე სამყაროში მუზეუმები ეძებენ მიმდინარე სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტების გადაჭრის ინოვაციურ გზებს. ლოკალურ დონეზე აქტივობის შემთხვევაში, მუზეუმებს შეუძლიათ ადვოკატირება და ზეგავლენის მოხდენა გლობალურ პრობლემებსა და სოციალურ გამოწვევებზე. მუზეუმს, როგორც საზოგადოების განვითარების ეპიცენტრში მყოფ დაწესებულებას, შეუძლია  საფუძველი ჩაუყაროს  კულტურათა შორის დიალოგს და ხალხთა შორის მშვიდობიან თანაარსებობას,  ასევე, შექმნას წინაპირობა მდგრადი განვითარებისათვის. 
    მუზეუმების, როგორც კულტურული ჰაბების როლი უფრო და უფრო აქტიურად იზრდება, ამავდროულად კი, მუზეუმები ეძებენ კოლექციების დაცვისა და ინტერპრეტაციის ახალ მეთოდებსა და გზებს, ქმნიან ტრადიციებს, რომელიც ახალ მნიშვნელობას შეიძენს მომავალი თაობებისათვის და შეინარჩუნებს აქტუალობას თანამედროვე მრავალფეროვანი აუდიტორიისათვისაც გლობალურ ასპექტში. ეს ტრანსფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამუზეუმო თეორიასა და პრაქტიკაზე, მუზეუმის თანამშრომლებსა და პროფესიონალებს აიძულებს მოახდინონ როგორც მუზეუმის მისიის, ასევე სამუზეუმო საქმიანობისთვის არსებითი ეთიკური საზღვრების საკითხების გადააზრება. 

    2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი 

    http://imd.icom.museum/

    მუზეუმების კვირეული საქართველოს მუზეუმებში - პროგრამა
     
    ღამე მუზეუმში - საქართველოს რეგიონის მუზეუმების პროგრამა

    -----------------------------------
    1977 წლიდან ყოველწლიურად ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) ინიციატივით აღინიშნება მუზეუმის საერთაშორისო დღე/International Museum Day (IMD), რაც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებისათვის. ამ დღისთვის მონაწილე მუზეუმები გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას, მოიცავს ფართო პუბლიკის ჩართულობას და ხაზს უსვამს სამუზეუმო ინსტიტუციის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების მსახურებასა და მის განვითარებაში.
    მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის  განვითარებისათვის“. მუზეუმის საერთაშორისო დღე ტრადიციულად 18 მაისს აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებები შეიძლება გაგრძელდეს 1 დღე ან მთელი კვირა. მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში  გასულ 2018 წელს მონაწილეობდა 158 ქვეყნის 37 000-ზე მეტი მუზეუმი. 
    მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც  საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ფოკუსირებული.
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია