18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა

  • 1977 წლიდან ყოველწლიურად ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) ინიციატივით აღინიშნება მუზეუმის საერთაშორისო დღე/International Museum Day (IMD), რაც წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოებისათვის. ამ დღისთვის მონაწილე მუზეუმები გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას, მოიცავს ფართო პუბლიკის ჩართულობას და ხაზს უსვამს სამუზეუმო ინსტიტუციის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების მსახურებასა და მის განვითარებაში.
    მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია,  ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ „მუზეუმები წარმოადგენენ კულტურული გაცვლების, კულტურების გამდიდრებისა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის განვითარების მნიშვნელოვან საშუალებას“. ყოველწლიურად, 18 მაისს დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები და აქტივობები შეიძლება გაგრძელდეს ერთი დღე ან მთელი კვირა. მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილე მუზეუმების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მუდმივად იზრდება. გასულ 2017 წელს ამ დღესასწაულში მონაწილეობდა 156 ქვეყნის 36 000 მუზეუმი.

    #IMD2018  #MuseumDay
    network.icom.museum/IMD
    www.facebook.com/IMD
    twitter.com/icomofficiel

    მუზეუმის საერთაშორისო დღე 2018
    „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“
     
    ჰიპერდაკავშირებულობა - ეს ტერმინი 2001 წლიდან დამკვიდრდა კომუნიკაციის იმ თანამედროვე მრავალმხრივ საშუალებათა აღსანიშნად, როგორიცაა პირისპირ კონტაქტი, ელ-ფოსტა, მესიჯების მყისიერი გაცვლა, ტელეფონი თუ ინტერნეტი. კომუნიკაციის ეს გლობალური ქსელი დღითიდღე უფრო და უფრო რთული, მრავალფეროვანი და ინტეგრირებული ხდება. თანამედროვე სამყაროს ჰიპპერდაკავშირებულობის ამ ტენდენციას უერთდებიან მუზეუმებიც. სწორედ ამიტომ  ICOM-მა 2018 წლის  მუზეუმების საერთაშორისო დღის თემად აირჩია „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები -ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა“.
     
    შეუძლებელია მუზეუმების როლს ჩასწვდე, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ყველა იმ კავშირს, რასაც ისინი ქმნიან. მუზეუმები წარმოადგენენ მათი ადგილობრივი თემების, კულტურული ლანდშაფტისა და ბუნებრივი გარემოს განუყოფელ ნაწილს. ტექნოლოგიების წყალობით, მუზეუმებს დღეს შეუძლიათ მოიცვან საკუთარი აუდიტორია და აღმოაჩინონ ახალი პუბლიკაც კოლექციების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციით: კოლექციების დიგიტალიზაციით, გამოფენებზე მულტიმედიური ელემენტების შეტანით   ან მარტივად, ჰეშთეგის (hashtag) გამოყენებით, რაც მუზეუმებს ვიზიტიორებისათვის საკუთარი გამოცდილების სოციალური მედიის მეშვეობით გაზიარების შესაძლებლობას უქმნის.
     
    თუმცა, კომუნიკაციის ყველა ეს ახალი საშუალება ტექნოლოგიას არ უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ მუზეუმები ისწრაფვიან შეინარჩუნონ რელევანტურობა საზოგადოებაში, მათი ყურადღება მიმართულია ადგილობრივი თემისა და მოსახლეობის იმ განსხვავებული ჯგუფებისაკენ, რომლებიც ამ საზოგადოებას ქმნიან. ამის შედეგად, უკანასკნელ წლებში სახეზეა მრავალი ერთობლივი პროექტი, რომლებსაც მუზეუმები უმცირესობებთან,  მკვიდრ მოსახლეობასა და     ადგილობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ახორციელებენ. ახალი პუბლიკის ჩართულობისა და მათთან კომუნიკაციის გაძლიერებისათვის, მუზეუმებმა უნდა მოიძიონ თავიანთი კოლექციების ინტერპრეტირებისა და წარდგენის ახალი გზები.
     
    ჩვენ ვიწვევთ მსოფლიოს ყველა ტიპის კულტურის ორგანიზაციას, შეუერთდნენ ამ დღესასწაულს და გადახედონ თავიანთ მიდგომას საკუთარი კოლექციებისადმი, მოიძიონ კონტაქტის ყველა ის საშუალება რაც მათ მჭიდროდ დააკავშირებს ადგილობრივ თემთან, კულტურულ ლანდშაფტსა და ბუნებრივ გარემოსთან.

    დაარეგისტრირეთ თქვენი მუზეუმები და ღონისძიებები მსოფლიო სამუზეუმო რუკაზე : 
    http://imd.museu.ms/account/login
    https://www.youtube.com/watch
     
    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    პოსტერი
    ყოველწლიურად, ICOM ქმნის მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერს, ასევე წლის თემასთან დაკავშირებულ საფოსტო ბარათს და ინტერნეტ-ბანერს, რაც ხელს უწყობს მუზეუმებს, ასახონ თემა და მოიზიდონ ვიზიტიორები მიმზიდველი დიზაინით. 2018 წლის პოსტერში გვსურდა აგვესახა ჰიპერდაკავშირებული სამყარო, რაც თავისთავად გამოწვევაა, რადგან ჰიპერდაკავშირებულობა და ის კავშირები, რაც სხვებთან არსებობს, არამატერიალურია.  ჩვენ ავირჩიეთ QR კოდი (ინგლ. Quick Response  Code/სწრაფი  რეაგირების  კოდი; შემოკლებით, QR  code,  ICOM  საქართველოს შენიშვნ.), როგორც წლის მთავარი ვიზუალური ელემენტი, როგორც ინოვაციისა    და კავშირების მრავალფეროვნების სიმბოლო. ეს შტრიხკოდები შედგება პიქსელებისგან, რომელთა კომბინირება უსასრულო გზებით შეიძლება. სკანირების შემდეგ შესაძლებელია გამოსახულების ჩამოტვირთვა, ელ-ფოსტის მიღება, ვებ-გვერდის გახსნა ან მონაცემების მოძიება. 2018 წლის პოსტერი ამ QR კოდებს ბლოკებად კრავს, რომელიც თეთრისის (Tetris) თამაშს მოგვაგონებს. ცნობილ ვიდეო-თამაშში, თქვენ უბრალოდ ზოგჯერ უნდა შეცვალოთ ცალკეული ნაწილები, რათა ხაზის ფორმირება მოხდეს. მუზეუმებთან დაკავშირებით კი მსგავსი პრინციპის გამოყენებისას, ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა კოლექციების მიმართ სხვაგვარი ფორმით იმისთვის, რომ მოიცვათ ახალი პუბლიკა. ამ პოსტერის საშუალებით, მუზეუმებს მოვუწოდებთ ყურადღება მიმართონ თავიანთი ძირითადი აუდიტორიის მიღმა ან მასთან დასაკავშირებლად გამოიყენონ ინოვაციური მეთოდები. ამით მუზეუმები გახდებიან ახალი კავშირების შემქმნელები, გამტარები და ხელშემწყობები.
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია