18 მაისი - მუზეუმების საერთაშორისო დღე

  • მუზეუმის საერთაშორისო დღე 2017

  • 1977 წლიდან საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს  აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, რისთვისაც მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) ყოველწლიურად ირჩევს რაიმე კონკრეტულ, სოციალურად მნიშვნელოვან თემას. ეს თემა შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული მუზეუმების მიერ, მაგრამ მუდამ მიმართულია საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერებისაკენ და სტაბილურად ფართო აუდიტორიას იკრებს.
    2016 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში მონაწილეობდა 145 ქვეყნის 35 000-ზე მეტი მუზეუმი.
     
    მუზეუმის საერთაშორისო დღის 2017 წლის თემაა: მუზეუმები და სადავო ისტორიები:  მუზეუმი საუბრობს უთქმელზე. 
     
    ისტორია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ხალხთა იდენტობის განსაზღვრისთვის და თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს განსაზღვრავს სწორედ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ ისტორიულ მოვლენათა მეშვეობით. სამწუხაროდ, სადავო ისტორია არ გამორიცხავს ტრავმულ მოვლენებს. ეს ისტორიები, რომლებიც ხშირად ნაკლებადაა ცნობილი ან აღქმულია არასწორად, უნივერსალური რეზონანსისაა, ვინაიდან ყველა ჩვენგანს ეხება და აღელვებს.
     
    სამუზეუმო კოლექციები გვთავაზობს ისტორიული მეხსიერების ასახვას და  რეპრეზენტაციებს. აქედან გამომდინარე, ეს დღე იძლევა შესაძლებლობას, ვაჩვენოთ, თუ როგორ წარმოაჩენს და ასახავს მუზეუმი ტრავმულ მოგონებებს, რათა წაახალისოს ვიზიტიორები საკუთარ ინდივიდუალურ განცდებს მიღმა ფიქრისაკენ. 
     
    ეს თემა ფოკუსირებულია მუზეუმების როლზე, რომლებიც მუშაობენ რა საზოგადოების საკეთილდღეოდ, წარმოადგენენ ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ხელშემწყობ ცენტრებს. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ სადავო ისტორიების მიღება წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შერიგების დროშის ქვეშ საერთო მომავლის იდეის ფორმირებისაკენ.
     
    მედიატორობით და სხვადასხვა თვალსაზრისის გამოხატვით, მუზეუმები ერთგვარ მშვიდობისმყოფლურ როლს ასრულებენ ტრავმული ისტორიებისადმი მიმართებაში - წარსულის ცოდნის გაზიარებით ანიჭებენ მათ იმგვარ აზრს, რაც გვეხმარება თანამედროვე სამყაროს აღქმაში. ამიტომ მუზეუმები წარმოადგენენ უნივერსალურ ფასეულობებათა შესწავლის ინსტრუმენტებს და იმავდროულად, ხელს უწყობენ განსხვავებულ, მშვიდობიან  გეოპოლიტიკურ  სივრცეთა საერთო მომავლის შექმნას.
     
    აქედან გამომდინარე, ეს თემა ხაზს უსვამს მუზეუმების მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე საზოგადოებაში. მუზეუმები სვამენ ნებისმიერ საზოგადოებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ კითხვებს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც იძლევა საზოგადოებრივი მეხსიერების საკითხების კრიტიკულად გააზრების საშუალებას, აყალიბებს ან ანადგურებს მათ. მრავალფეროვანი სამუზეუმო მეთოდების გამოყენებით და  სადავო ისტორიების სხვადასხვა გზით ექსპონირებით, მუზეუმები გვთავაზობენ წარსულის კრიტიკული გააზრებისა და აღქმის ინსტრუმენტებს და ისტორიულ მეხსიერებასთან შერიგების ხელშეწყობას დიალოგის მეშვეობით. 
     
    აქამდე უთქმელ საკითხებზე კონცენტრირებით, მუზეუმის საერთაშორისო დღის მიმდინარე წლის თემა გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გვესმოდეს სადავო ისტორიების ის ბუნდოვანი ასპექტები, რაც თან ახლავს ადამიანთა მოდგმას. იგი ასევე მოუწოდებს მუზეუმებს, მედიატორის აქტიური როლი შეასრულონ ტრავმული ისტორიებისადმი მშვიდობიან მიმართებაში. ჩვენ ვიწვევთ მსოფლიოს ყველა ტიპის კულტურულ დაწესებულებებს, შეუერთდნენ ამ დღესასწაულს, რომლის გზავნილი მიმართულია ტაბუდადებულ საგნებს მიღმა მომავლის ხედვისა და  ერთმანეთის უკეთ გაგებისაკენ.
     
    გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ დღისათვის თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შემდეგ მისამართზე: lana.karaia@gmail.com ან ingakaraia@gmail.com, რათა იგი განვათავსოთ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე: http://network.icom.museum/international-museum-day 

    მუზეუმის საერთაშორისო დღის პოსტერი 2017
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია